საახალწლოდ
Настройка шрифта
აბა ვინა ხართ, სადა ხართ,
გამოიხედეთ გარეთა!
გილოცავთ ახალსა წელსა,
იცოცხლეთ, გაიხარეთა.
ძალად მოვდივარ მეკვლედა,
თქვენ ხომ არ დამიბარეთა:
სულით და გულით მოძღვნილი
სალამი ჩაიბარეთა,
რაც ვსდუმდი აქამომდისა,
ამაში გამიბარეთა!..
უპირველესი სალამი
ივერის არე-მარესა, -
მისს სისხლსა და ხორცს - ქართლ-კახეთს
და იმერეთის მხარესა,
ბედი და ბედნიერება,
დღეთამც ნუ ჰნახვენ მწარესა...
ვუსურვებ დღეგრძელობასა
სამშობლოს მზეს და მთვარესა:
ნუგეშსა გვცემენ, გვათბობენ
და გვითენებენ ღამესა...
მერე სალამი მუშათა:
ცულის და თოხის მქნეველთა,
მწყემსთა და ღამის მეხრეთა,
მინდორში ღამის მთეველთა,
თავის მარჯვენის მადლითა
მთელის ხმელეთის მრჩენელთა.
მწიგნობართ - ერის წინამძღვართ,
ქვეყნისთვის კარგის მრჩეველთა:
რა გვარგებს, რა გვაზარალებს, -
დღე-მუდამ იმის მკვლეველთა...
მენამც თავს შამოვევლები
ჩემის სამშობლოს მთა-ველთა!
სალამი მღვდელთა, მოხელეთ,
რომ ივარცხნიან ქეჩოსა!
ვთხოვ ათლეინონ ჩვენსკენა
წალდუნასა და ეჩოსა...
ყველას, ვინც ქვეყნის გულისთვის
გაიძრას, გაიჩეჩოსა!..
არაფერს ვეტყვი საწყენსა
ამ ჩვენს დახლიდარს ხეჩოსა:
იმას მილოცვა რად უნდა,
ოღონდ ფულები ხვეჭოსა...
ვაი თუ ფულების გამო
ბოლოს ჟამს გაიბეჭოსა!..
ვუსურვებ, რო გაემარჯვოთ
მშობელის ქვეყნის დედათა!
ერთს ვურჩევ, თუ დაიჯერეს,
სარგოსა მეტისმეტადა:
შვილთა აღზრდაზე იუბნონ,
რო შეიყარნენ ერთადა;
ლამაზად შვილის აღმზდელი
დედა მიცვნია ღმერთადა...
და ყრმათ, ჯერ დაუბუმბლავთა,
ერთგულნი ჰყვანდენ დედასა
და არ შეუდრკნენ ბოლო ჟამს
ბასრის მახვილის კვეთასა,
როცა-კი მტერი მათ მშობლის
შეურაცხყოფას ჰბედავსა...
დიდიმც ექმნება საზღვარი
თქვენთ თვალთ და გულის ხედვასა!..
Лира, поэтический портал · https://lira-poetry.ru/biblioteka/stihi/vazha-pshavela/saakhaltslod-acad-vazha-v1-17-13/
Есть видео или песня на эти стихи? Добавьте ссылку
Войдите, чтобы добавить ссылку на видео или песню.
- Лайки: 0
- Просмотры: 1
- Комментарии: 0
- 0 Войдите, чтобы добавить в избранное
Комментарии
Комментариев пока нет. Будьте первым.