პაპას ცოლ-შვილის გლოვა
Настройка шрифта
კარგა არ გათენებულა,
ცისკარი ბჟუტავს ცაზედა.
ატირდა პაპაის ცოლი,
მოსთქვამს, ქვითინებს მწარედა:
- გოგო, სადა ხარ, ბიჭ-კუპრნო!
რად არ გამოხვალთ კარზედა?
დავიღუპენით, ბეჩავნო,
ცეცხლი გვედება თავზედა;
კარში გამოდით, დამწვრებო,
პირს რომ დააღებთ მზაზედა!..
ორნი საბძლიდან მორბიან, -
იქ წოლილიყვნენ ბზეშია, -
შინაით - თამრო, ჩონქარა,
დედას რო უწვნენ გვერდშია.
- დედავ, რა არი, რად სტირი? -
ორნი მოსძახენ აქითა.
სხვანი თმა-გაწეწილები
დედას წინ უდგან ჭრაქითა.
- დედა მოგიკვდათ, დამწვრებო,
თქვენი ნამდვილი გამზდელი;
მკვდარი ვიპოვნე ბაგაზე,
როცა შევანთე სანთელი.
მოგვიკვდა ქიტოხელაი,
ბოსელშია წევს მკვდარია...
ძროხა, რა ძროხა, ვაიმე,
მთელის ხმელეთის დარია!
ფური, რა ფური, რამდენმა
ხვეწნით გვიცვალა ხარზედა.
თვალი ვინ გვივნო წყეულმა,
ცეცხლ-მოსადებმა თვალზედა!
ეს თქმა იყო და შეიქმნა
ხუთპირად გლოვა-ზარია,
ხელების ქნევა, თმის წეწა,
წარღვნისა შესადარია.
ხუთი წლის ბიჭი, ჩონქარა,
მეტადა სტირის სხვაზედა,
ხელსა ჰხვევს ქიტოხელასა
და თანა ჰკოცნის რქაზედა.
სოფელმაც ყური აცქვიტა
„ვაი“-ს ძახილის ხმაზედა...
Лира, поэтический портал · https://lira-poetry.ru/biblioteka/stihi/vazha-pshavela/papas-tsol-shvilis-glova/
Есть видео или песня на эти стихи? Добавьте ссылку
Войдите, чтобы добавить ссылку на видео или песню.
- Лайки: 0
- Просмотры: 1
- Комментарии: 0
- 0 Войдите, чтобы добавить в избранное
Комментарии
Комментариев пока нет. Будьте первым.