Зарубежная поэзия · На грузинском языке

მთების სიზმარი

Зарубежная поэзия О природеБасни
Настройка шрифта
Размер
19
От 14 до 30 пикселей
Шрифт

ჯაჭვად გადაბმულთ, მხარ-ბეჭ მიყრდნობილთ
ერთი სიზმარი ეზმანათ მთათა;
ერთი ნაღველი და ერთი ფიქრი
ამ მოჩვენებამ აღუძრა მათა.
სალს მკერდებშია აბორგებული
გული სამდურავს უთვლიდა ცათა
და ერთი სიტყვა პირზე ეკერათ
ყველას საერთო: „რისათვის? რათა?“
ჩამოიწყვიტეს მთებმა საკინძი,
ჩამოიგლიჯეს ჩოხების კალთა.

რა დაესიზმრათ, ნეტავ, ისეთი,
რომ ასე გაწყრნენ, ასე აშფოთდენ?
„სიკვდილი გვიჯობს ამ დამცრობასო!“
შუბლ-მოღრუბლულნი ერთხმად ამბობდენ.
- სხვა არაფერი, ღმერთი ეჩვენათ
და გადაჭრილად მან მთებს უბრძანა:
„მთანო მაღალნო, ბარად იქეცით
და ჩაიყოლეთ კლდეებიც თანა!“
ასრულდა კიდეც ვითომ ბრძანება, -
მთათ დაებჯინათ კისერში დანა:
იქცნენ ბარადა, ყველა მათ სთელავს,
გუთანს ავლებენ, დათესეს ყანა.
მხოლოდ ბარი- კი იმათ მაგივრად
უფალმა მაღლა ამოიყვანა.
„რა დავაშავეთ, ღმერთო, ისეთი,
რისხვა თავს დაგვეც შენ ამისთანა?!“
ათასი მღილი უჭვრეტს მათ გულ-მკერდს,
გველები ჰზომენ ძელებისთანა.
ღორები სთხრიან, ანადგურებენ,
დაჰღრუტუნებენ უმსგავსოდ თანა.
სხვა სურათებიც, გულის ამმღვრევი,
სხვადასხვა ჯურის მათ მოეზმანა.
აღარსად მათთვის ტკბილი ოცნება,
ანკარა ნამით პირების ბანა,
აღარსად მათზე ცივნი წყარონი,
ელვა-მეხითა გულ-მკერდის ფხანა,
აღარსად დეკა, არსად პირიმზე,
აღარსად შურთხის ლამაზი სტვენა,
იაფად ნამი მარგალიტისა,
ხშირ-ხშირად ლურჯის ნისლების დენა.
ჯოჯოხეთშია ჩაცვივნილები,
არავის ესმის იმათი ენა.
აღარსად არჩვის სიფრთხის განგაში,
სიტურფით სავსე ჯიხვების მზერა.
ებრძვიან სულსა, იხოცებიან,
არ შეუძლიანთ ცოცხლად დარჩენა.

***

გარიჟრაჟია, გამოეღვიძათ,
შეუდგათ მთებსა ლხინი, ბოჟირი,
რომ ისევ-ისე მეფენი იყვნენ
და ყველას ესხა ტანზე პორფირი.
დილის მზის სხივმა მათ გაუღიმა,
წინდაწინ იმათ მიეალერსა.
ბარი-კი იმათ ფერხთ-ქვეშე იდვა
და მოისმოდა მის ოხვრა-კვნესა.

ეცინებოდა ეხლა-კი მთებსა,
რომ მოჩვენება სინამდვილედ სცნეს.
„მთათა მთობასა ვერვინ ჩამოგვყრის,
რად არ ვიფიქრეთ?“ - თანაც ესა სთქვეს.
იმიერიდან ბარად ქცევისა
სიზმარი თუნდა ასჯერაც ნახონ,
სულ ტყუილია, რომ ახდომისა
იჭვი ოდნავა გულს განიზრახონ.

Есть видео или песня на эти стихи? Добавьте ссылку

Войдите, чтобы добавить ссылку на видео или песню.

Обсуждение

Комментарии

0

Комментариев пока нет. Будьте первым.