ობლების სიმღერა
Настройка шрифта
ნიადაგ ვივლით კარი-კარს,
ნიადაგ აგიტირდებით;
მშიერ-ტიტველნი, ბეჩავნი
ნიადაგ აგიბირდებით;
უმწეო-უპატრონონი
ნურავის გაგიკვირდებით!
ფეხნი გვქონ ეკლით ნაშაშრნი,
თმები გაგვბმია ბირკებით.
კაცნი ვართ, თქვენი ჭირიმე,
ნურავის გაგიკვირდებით!
მამა ლაშქარში მოგვიკლეს,
დედა ტყვედ წაიყვანესა, -
წაგვართვეს ლეკის შვილებმა,
დაღისტანს გადიყვანესა,
გაგვიტიალეს სახლ-კარი:
ბინად გვაქვს ტყე და ველია,
საბნად ფოთოლი გვეხურვის,
ლეიბად გვიგავ ლელია.
ნურავის გაუკვირდება,
ძმაო, ობლობა ძნელია!..
ვარამმა გული შეჭამა,
ძალ-ღონე გამოგველია!
არა ჩანს ჩვენი პატრონი, -
ობლების დამფარველია.
რად გაგვაჩინე, უფალო,
თუ ამ დღეს მოვესწრობოდოთ,
თუკი აღდგომას სხვასავით
ჩვენაც ვერ დავესწრობოდით!
სხვანი ჩაიცმენ ჭრელ-ჭრულსა,
ვარდთავით აყოვდებიან,
ჩვენ-კი ტიტველას ხორცზედა
კბენრები აგვცოცდებიან.
საზიზღარნი ვართ, რომ გვნახვენ,
ყველანი მოგვშორდებიან.
უბედურებამ მოგვასწრო,
როგორაც ნისლმა წეროთა...
არ ვიცით, სადღა წავიდეთ,
ვის არე-მარე ვსთელოთა;
ვინ შეგვიბრალებს, ვინ გვიშველს
ბეჩავთ, ხმელთ ანწლის ღეროთა?!
Лира, поэтический портал · https://lira-poetry.ru/biblioteka/stihi/vazha-pshavela/oblebis-simghera/
Есть видео или песня на эти стихи? Добавьте ссылку
Войдите, чтобы добавить ссылку на видео или песню.
- Лайки: 0
- Просмотры: 3
- Комментарии: 0
- 0 Войдите, чтобы добавить в избранное
Комментарии
Комментариев пока нет. Будьте первым.