Зарубежная поэзия · На грузинском языке

ჭირისუფალი

Зарубежная поэзия О семьеО смерти
Настройка шрифта
Размер
19
От 14 до 30 пикселей
Шрифт

უბედურება ეწვია,

დიდი ვაება ჩალხისა;

ისმის ნაომარს ქვითინი,

გლოვა-ტირილი ხალხისა.

მოჰსვლია მთელი სოფელი, –

მოკეთეები შორითა;

ღვარი ჩამოდის ცრემლისა

იმ ნაომარის გორითა;

დგანდგარებს მთელი დარბაზი,

მკვიდრად ნაგები ყორითა.

რა ამბავია? რა მოხდა?

რამ შეაძრწუნა ქვეყანა?

თავი-თავს ამდენს ქალს და კაცს

რამ მოუყარა ერთგანა?

არა მომხდარა ისეთი,

მუდამაც არა ხდებოდეს;

განა რა საკვირველია,

ადამიანი კვდებოდეს?

დაკვრითა, ძალ-დატანებით

რომ ხე და ან ქვა ტყდებოდეს?!

ის უფრო უნდა გვიკვირდეს,

ეს ასე არა ხდებოდეს:

შაბერვით, წყალის დასხმითა

სანთელი არა ქრებოდეს

და დღის მაგივრად ხანდახან

უკუნი არა დგებოდეს…

დერიფანს სამი კუბო დგას,

სამი ცხედარის საწოლი:

ერთი დედაა შვილების, –

შვილები მასთან ნაყოლი.

გათავდა ჩალხის ბედობა,

იმისი სარჩო-საყოლი;

აღარვინ დაჰრჩა ვაჟკაცსა

იმისი ამყოლ-დამყოლი;

აღარც ლაშქრობას ერთგული,

აღარც საქმეზე გამყოლი.

რძით ნაზელს, კირით ნაგებსა

კოშკსა ჰგავ გოხით ნაქოლი.

არც არას ამბობს ჩალხია,

ჩიბუხსა ჰსუტავს მხოლოდა;

ფეხ-ფეხზე გადაგდებული

დამჯდარა ტახტის ბოლოსა.

ვინა ისეთი მოზარე,

რომ იგი აიყოლოსა?

როგორც ქვას, ცრემლი არ მოსდის,

გული თუმც სტკივა მწარედა;

გულშივე ჰხარშავს ნაღველსა,

არ გამოაჩენს გარეთა.

არავის უკვირს იქ მყოფთა,

რატომ არ ტირის ჩალხია:

ვაჟკაცად არი ცნობილი,

განა დიაცი, ბალღია,

რომ თავის დაღონებითა

აცრემლ-ატიროს ხალხია

და მტერსაც გალაღებულსა

ის ათქმევინოს: „ახია!..“

ვერ შასძლებს შეუძლებელსა:

ჯავრს ვერ დაიჩნევს იგია;

ჩალხიას ასეთი ქცევა

სხვებისთვის მაგალითია –

გააადვილოს სიკვდილი

ლაჩარის ხალხის თვალშია:

როს ხმალზე საქმე მიდგება,

არ აკანკალდენ მკლავშია.

ვისაც სიკვდილი აშინებს, –

ვინ გაიყოლებს ჯარშია?!

თან-თან ტირილი გახშირდა,

მოზარეებიც გამრავლდა;

ჩალხიას გული ამ დროსა

უფრო და უფრო გაქვავდა.

ორნი მხარ-და-მხარ უსხედან,

ახლად მოჰსვლიან სწორები:

ერთი შავერდი, სხვა გივი,

ორივე მთა და გორები;

ისინიც მისებრ კერპები,

ლაშქარში მოზიარენი,

გულს უმაგრებენ ჩალხიას

გმირნი ტყავ-ჩოხიანები,

დაჭრეხილ ფახახიანნი,

ხმა მჟღრინავ-ბოხიანები,

თითო-ოროლი წამოთქვეს

სიტყვები ბოძიანები.

გახსნეს არაყის დოქებიც,

საფევით ძონძიანები

და გაუწოდეს ყანწითურ

მკლავები ტოტიანები –

ჩალხიას ძღვნად მოტანილი

არაყი შესანდობარი;

თან უთხრეს ორთვე ძმობილთა

სიტყვა სალბუნო, მწყობარი:

„ჩვენ არაყ შავსვათ, ჩალხიავ,

დიაცთ საქმეა ქვითინი,

ჩვენი-კი – ხმლების ტრიალი

და ლურჯეების ბიბინი.

ვინაც დაგაკლდა, გიცხონოს,

ღმერთმა გაკმავოს ზარალი:

საერთო არი სიკვდილი –

ყველას თავგადასავალი.

ამბობენ: ღვთის გაცემულსა

ჩვენ ვერსით ვუშველთ ვერასა,

კაცი ვერსაით წაუვა

თავის ბედსა და წერასა!“

ჰსვამენ მკვდართ შესანდობარსა,

ვინც ლაშქარს მოკვდა, ველადა;

ლაშარის-ჯვარიც ახსენეს,

რომ საყმოს ჰყვანდეს მცველადა.

ხელიდან ხელში გადადის

არაყიანი ხელადა.

მთებივით ჩრდილს აყენებენ

დიდს მამა-პაპის კერასა.

ვერ ჰყურობთ ჭირისუფალსა,

რომ ამ დროს ჰბედავს მღერასა!

მოატანინა ჩონგური,

დაჰკრა, დაიწყო სიმღერა:

ვისაც რამდენი ეწადოს,

ილაყბ-იუბნოს იმდენა!

მტრისთვის ეს ხორველა იყო,

მოკეთის გული მთელდება,

აღარც მას, აღარც ჩალხისა

ყოფნა არ გაუძნელდება,

და სხვასაც ამისთანა დროს

გუნება გაუმხნევდება!

Есть видео или песня на эти стихи? Добавьте ссылку

Войдите, чтобы добавить ссылку на видео или песню.

Обсуждение

Комментарии

0

Комментариев пока нет. Будьте первым.