უბედოდ ბედნიერი
Настройка шрифта
ვიდრე ტანჯვაში გხედავ უბედურს,
არ შეიძლება, უნდა ვიტანჯო;
შენს ყოფნას ჰგვანდეს მსურს ჩემი ყოფნაც,
თუნდა ძალ-ღონე უბრალოდ ვხარჯო.
ბედნიერადა თავს მაშინა ვგრძნობ
და აღარ მარცხვნის ხმა იდუმალი.
ჩემი ტაიჭიც უღალავად რბის
და არ ელევა მუხლებში ძალი.
თამამად ვადგამ მიწაზე ფეხებს,
ამაყადა სძგერს გული ბედკრული,
თავს მაღლა ვიღებ, მხრებში ვსწორდები,
კაცი ვარ მაშინ, ვაჟკაცი სრული.
ია და ვარდი გულზე მასხია,
ნეტარებასა განიცდის სული.
ვბრიყვდები ამით. ვითომ შველაა,
რომ შენს ტანჯვის დროს მეც ვიტანჯები?
შველა მგონია სახსარ-დალეულს,
რომ წარა-მარად მე ვიხარჯები.
თვისვე ოცნებით მოტყუებული,
შავ-ბედიანი ბედნიერ ვხდები.
რად არის ასე? ეს თქვენ გაიგეთ,
თავს რად ვიტყუებ, რისათვის ვსცდები?
Лира, поэтический портал · https://lira-poetry.ru/biblioteka/stihi/vazha-pshavela/ubedod-bednieri/
Есть видео или песня на эти стихи? Добавьте ссылку
Войдите, чтобы добавить ссылку на видео или песню.
- Лайки: 0
- Просмотры: 1
- Комментарии: 0
- 0 Войдите, чтобы добавить в избранное
Комментарии
Комментариев пока нет. Будьте первым.