ფშავლის სიყვარული
Настройка шрифта
ისეთი ვიყავ, ძმისაო,
როგორც შავი კლდე, სალია,
ვამბობდი, ჩემი ნებაა,
ჩემის გულისთქმის ძალია...
მაგრამა ვნახე ლაშარსა
ერთი ტან-მომცრო ქალიო,
იმ წბილასავით წვრილამა
გულში დამინთო ალიო.
ჯერ-კი პირდაპირ დამკვლია,
თვალს გამიყარა თვალიო,
გატეხა გულის საფარი,
გაუტეხელი რვალიო;
მემრე - კი გადამეთხია,
ვერ გაუკვლიე კვალიო, -
ღმერთმა დასწყევლოს დიაცი,
მემრე - ლამაზი ქალიო!
ვუბარებ, შუაკაცს ვგზავნი:
ქალ, ნუ მიმირბი შორადა,
შენგნით უხანჯროდ დაჭრილსა,
გული გამხდია ორადა.
რად დამჭერ, თუკი მორჩენით
არ გამიხდიდი მონადა?
თუ შენ ის გინდა, რო მომკლა,
გადავილიო კლდეზედა
და შენ ცბიერის თვალებით
შენს უნდავს ეჯდე გვერდზედა?
გკოცნიდეს, ინაბებოდე,
ღილებს გითვლიდეს მკერდზედა?!
კაცის ქალისგან დაჩაგვრას
არა სწერს ჩემი რჯულია;
დიაცის დაწუნებულსა,
სჯობს, რომ არ მედგეს სულია!
მკლავნიმც ნუ მსხიან ტანზედა,
ჭიათ დამიხრან გულია!..
მაშ ხმალს რად ვირტყამ წელზედა,
თავზედ რად მხურავ ქუდიო,
თუკი გავიგო სწორთაგან
ჩემზედ ნათქვამი ცუდიო?!
ვერ შამაშინებს ციმბირი,
ვერც ნაჩალიკი-სუდიო!
წავალ და სადაც ცქიფათი
ხევში საკრეფი წყალია,
იქ ჩამაილის თულუხით!
თინიბექაის ქალია.
უნდა გადვუხტე გზაშია,
სიტყვა ვესროლო ცხარიო,
დავტაცო გიშრის ნაწნავი,
გულს დავაბჯინო ხმალიო,
ცხენის გავაზედ მოვიგდო,
სდიოდეს ცრემლი მწარიო,
შუაღამისას ჩარგალსა
გადავიწერო ჯვარიო.
მემრე მოიდეს სადაოდ
თუნდა ოსმალის ჯარიო, -
ქალს არვის წააყვანინებს
ზაზულიაი ხარიო!
Лира, поэтический портал · https://lira-poetry.ru/biblioteka/stihi/vazha-pshavela/pshavlis-siqvaruli/
Есть видео или песня на эти стихи? Добавьте ссылку
Войдите, чтобы добавить ссылку на видео или песню.
- Лайки: 0
- Просмотры: 3
- Комментарии: 0
- 0 Войдите, чтобы добавить в избранное
Комментарии
Комментариев пока нет. Будьте первым.