მზეწვია
Настройка шрифта
(ვუძღვნი ლ. ბოცვაძეს)
ბუდეს აკეთებს მზეწვია,
ჰგრძნობს, გაზაფხულის პირია;
სადაც კი ჩალა იპოვა,
ან თუ ბეწვი და წკირია,
ზედ ადებს სახლის კედლებსა;
მის შრომა გასაკვირია.
თან ჰლესავს თიხა-მიწითა,
ტალახში უძევს ცხვირია,
ნისკარტსა ხმარობს ქაფჩადა, -
ნამდვილი ქაფჩა ძვირია, -
ხელმოკლეობა ჩიტისა
ან კი რა დასაყვირია!
მუყაითია ბუდისა,
რომ კვერცხი დადოს წყვილია:
წუთისოფელი დედისა
მხოლოდ შვილი და შვილია;
დაზარდოს მზეწვიეები,
სიმღერა უთხრას ტკბილია,
ჩაჰხედოს ბარტყებს თვალებში,
ფრთა დააფაროს თბილია;
დაზარდოს, ოღომც დაზარდოს,
ლაჩარი, თუნდა გმირია,
რომ დიდს ბუნების ფერხულში
იმათაც ედოსთ წილია, -
შეამკონ თავის გალობით
ტყე, მინდორ-ველი, თხრილია,
სადაცა ხარობს წიფელი,
მუხა, არყი და თხილია,
მთა, მაღლით გადმომცქირალი,
დაბლა ხეების ჩრდილია,
ჟუჟუნა წვიმის კამკამი,
ჰაერი ტურფა, გრილია, -
ბუნების მკერდზე ჩიტთ მღერა
ფას-დაუდები ღილია.
შვილების მღერა როს ესმის,
დედის სიცოცხლეც ტკბილია!
Лира, поэтический портал · https://lira-poetry.ru/biblioteka/stihi/vazha-pshavela/mzetsvia/
Есть видео или песня на эти стихи? Добавьте ссылку
Войдите, чтобы добавить ссылку на видео или песню.
- Лайки: 0
- Просмотры: 1
- Комментарии: 0
- 0 Войдите, чтобы добавить в избранное
Комментарии
Комментариев пока нет. Будьте первым.