ჩიტთა ფაფობა
Настройка шрифта
უხვსა ჰმორჩილობს ყოველი,
იგიცა, ვინ ორგულია.
შოთა რუსთაველი
Ι
ჩიტები ისხდნენ ღობეზე,
სხვანი ღობის წინ ხეზედა,
იკეკებ-იჩეჩებიან,
ნისკარტებს ისმენ ფრთებზედა.
ჩამოთბა, წყალი თოვლისა
ყვითლად მიქანავს გზებზედა.
განცხრომაშია ჩიტები,
უამსთ: თბებიან მზეზედა,
გააბეს მასლაათიცა
ცა-დედამიწა-ღმერთზედა.
ერთმა ბეღურამ დაიწყო, -
ჭკვიანი სჩანდა სხვებზედა.
პირველი ბეღურა
სიცოცხლე, ძმებო, კაცს უღირს,
ყველაფრით მოწყობილია,
საზრდო, მთელი წლის საკმაო,
სახლში აქვს მოგროვილია,
როცა სწადიან, მუშაობს,
რომ მოისურვებს, სძინია.
კაცს არაფერი აშინებს,
თამამად დადის ყველგანა;
ის ბატონია, მეფეა,
ყმადა ჰყავს მთელი ქვეყანა.
მეორე ბეღურა
ერთი მეც ყური დამიგდეთ,
ვილაპარაკოთ წყნარადა.
ადამიანი, თუ იცით,
ბეღურებს გვაგდებს არადა.
პატარები ვართ, საწყლები,
მოვჩანვართ წვიმის ცვარადა.
ღონე არა გვაქვს, არც ფული
და არც სახლ-კარი მბრწყინავი.
ვყრივართ ღვთის ანაბრობაზე,
ჯაგიდან ჯაგზე მფრინავი.
ტანისამოსი ვინ მოგვცა,
ან ქვეშაგები ბეჩავთა,
თუ იარაღი, რომ იმით
დავუხვდეთ ავად-მხედავთა!
ვინ-გინდა მიტომ ქვას გვესვრის,
სხვა - თოფსა საფანტიანსა,
არავინ მოსთხოვს ანგარიშს: -
ჩიტებს რად აძლევს ზიანსა?!
ვისთან ვიჩივლოთ, სად ვპოებთ
მსაჯულსა თავაზიანსა!
მიკვირს, რითა ვძლებთ ამდენ ჭირს,
რისაგანა ვართ ცოცხლები,
რატომ არ გაგვწყვეტს სიცივე,
ან მონადირეთ თოფები!
მაგრამ სროლად რომ არ ვღირვართ,
მიტომ ვართ შესაცოდები.
ბდღვნად არა ღირსო ჭივჭავი,
ამბობენ ლოთი-ფოთები.
ეს ესეც არი და მიტომ
შევქმნილვართ დასაზოგები.
მესამე ბეღურა (მეორეს)
ნუ დაივიწყებ საბუთებს,
რაკი ეგრე ვრცლად მოჰყვები,
რომ საჭირო ვართ ბოსტნისთვის,
როგორც სახლისთვის ბოძები.
ეს რომ იციან, იმიტომ
გვზოგავენ ჩვენი მხოცლები.
მეორე ბეღურა
დიაღაც. სწორედ მაგიტომ
ჩვენ შეგვრჩა ტანზე ჩოხები.
მოგწონთ თუ არა ნათქვამი?
რა თვალებს აბღვერთ ზოგები?
საერთო ხმა
განაგრძე, ყველა ყურს გიგდებთ,
არავინ გიცქერს ბღვერითა.
მხოლოდ ნუ დაგავიწყდება,
უნდა ვიუბნოთ ჯერითა.
მეოთხე ბეღურა
ჰო, საკვეხურად ისა გვაქვს,
მით ვსჯობნით ადამიანსა,
თავმოყვარება მეტი გვაქვს,
თუმც მკლავს არ ვიქნევთ ხმლიანსა
და არც ვიკადრებთ, რაიცა
არ ეკადრება ფრთიანსა.
რამდენი რამე მინახავ:
შემომივლია სოფლები,
მინახავ დედ-მამიანი,
იმათთან ერთად ობლები.
მდიდრის ეზოშიც ვიცხოვრე,
ათასი ჰყვანდა მცველები;
იმასაც სათხოვნელადა
განზე გაეპყრო ხელები.
ღარიბები ხომ, ეს არი,
იმათ ვასხედვართ თავზედა,
სულ ვიცით იმათ ამბავი,
მივდ-მოვდით იმათ კარზედა.
და ზოგს თუ არ დაეხმარა
მისივე მსგავსი გლეხია,
უნდა ჩაჰბარდეს მეუფეს,
მოკვდეს, გაჭიმოს ფეხია.
ათასი მთხოვარა დადის,
თხოვნაა იმათ ხერხია.
და ჩვენ-კი, ათასჯერ მითქვამს,
ბევრგანაც დამიკვეხია:
სამთხოვარაოდ წასული
არ გაგონილა ბეღურა,
თუმცა არცა-რა ტანთ ეცვა,
არცა-რა თავზე ეხურა.
ჩვენ ვცხოვრობთ თავის შრომითა,
ვიდრე დღე დაგვიბნელდება,
სხვის კარზე მთხოვრად დგომითა
სულთქმა არ გაგვიძნელდება.
მესამე ბეღურა
ის გავიწყდება, ძმობილო,
რითაც უფრო ვართ მეტები.
მე, მაგალითად, კაცივით
დაბლა არ დავეხეტები
და შემოსილი არა მაქვს
ქალმით თუ წუღით ფეხები.
ჩვენ ვფრინავთ მაღლა, ჰაერში,
ამ ჩვენის ლაღის ფრთებითა,
ერთ დღეს მოვივლით მანძილსა,
კაცი - ვერც ერთს წელს ფეხითა.
ეს კი უნდა ვსთქვათ, რომ იგი
ჩვენა გვჯობია ხერხითა.
მეორე ბეღურა
ხერხი აქვს, მაგრამ ნამუსით
ბევრით მდარეა ჩვენზედა,
ვინ იცის, რას არა სჩადის,
სულ სისხლი სცხია ხელზედა.
მიწა რომ იმის თხოვნითა
მობეზრდა, გული გაუსქდა,
ეს არ იკმარა, თხოვნითა
ახლა ღმერთს ცაში აუხდა.
რამდენს ემდურის უფალსა,
თუ საქმე რამე წაუხდა.
პირველი ბეღურა
მაგას რად ამბობთ, კაცებო,
ცოტა ვიუბნოთ ჭკვაზედა.
კაცის ამაგი ჩვენც გვათბობს,
ავი არ გვეთქმის მაზედა:
ეს საბძელ-კალო მისია,
იქ საკენკს რო ვკენკთ გზაზედა.
მეორე ბეღურა
ქაჯან, ეგ თხოვნა არ გახლავთ,
არც საჩუქარი კაცისა:
ის მისთვის უმნიშვნელოა,
განაყოლები ქარისა,
თუ შესძლებს, არ გააყოლებს
კაცი ერთ მარცვალს ბზეშია,
იმ აზრით, ეგებ მარცვალი
ჩვენ ჩაგვივარდეს ხელშია.
ყოჩაღ, რომ ჩვენის შრომითა,
ფრთა-გაყრილები ფრთებშია,
ბარდ-ბურდში მარცვალს ვპოულობთ
და ჩავიგორებთ ყელშია.
ზნეობრივ ადამიანსა
ჩვენა ვჯობივართ ბევრშია.
მესამე ბეღურა
მაშ როცა დაჰფენს საფქვავსა
და უდარაჯებს კეკია,
მე დამიძახებს: ბეღურავ,
მოდი, მარცვლები კენკია!
დიახ, მაშ არა? პირიქით,
კეტს მომაღერებს დიდრონსა,
ცას, დედამიწას აქუხებს,
იყვირ-იკივლებს იმდონსა:
„აქშა, ჩიტო, საწიწაკევ!
ჩამოფრენას აპირებსა!
აქშა, ჩიტო, ბეღურაო,
ქორიმც ჩაგინადირებსა!
რას ჟღურტულებთ? რას ჟივჟივებთ?
გინდათ ძილი მომგვაროთა,
რომ დაფენილს პურის მარცვლებს
ეცნეთ, ხელი მოჰყაროთა?!
აქშა, აქშა, ჭივჭავებო,
ქორიმც ჩაგინადირებსა!
არ შევარჩენ, თავს გავუჭეჭყ,
ვინც ქურდობას აპირებსა!“
აი, კაცის სამართალი,
აი, მისი შენანება!
საფქვის პატრონს ჩიტებისა
მთლად გაჟლეტა ენატრება;
თავის სურვილს არცა ჰმალავს,
ან ვისაგან ეხათრება?!
მეოთხე ბეღურა
ერთურთსაც არა ჰხათრობენ
ადამიანნი ხშირადა,
ორის თავთავის გულისთვის
დგებიან თავდაყირადა.
ერთმანერთს თავ-პირს აღადრვენ,
არ ჰზოგვენ მოსაკლავადა,
ერთმა სხვას რამე წაართვას,
დაისაკუთროს თავადა.
მესამე ბეღურა
ჩემი ნათქვამი მართლდება:
სჩანს, მეთანხმებით ყველანი.
ერთს გეტყვით კიდევ: დღეს ჩვენა
არ ვიქნებოდით მთელანი,
რომ იგივ ადამიანი
არა ჰხედავდეს რგებასა
ჩვენგანა, შეუბრალებლად
ის დაგვიწყებდა ჟლეტასა.
მაგრამ მან იცის, რომ ჩვენა
მავნეს ვჭამთ ჭია-ღუასა,
ბოსტნეულსა და ყანასა
რანიც აცლიან ყუათსა.
კაცი ჩვენს გაჟლეტაზედა
იმიტომ ამბობს უარსა.
ამისთვის ვაქოთ ჩვენ იგი
და ვუდღეგრძელოთ ზნეობა?!
არაფერი მწამს კაცისა,
არც ზნე, არც მისი მხნეობა!
ერთი რიგი ხმები
არა, არც ეგრე იქნება,
კაცს დავუკარგოთ ამაგი,
მას ბუნებაში ყველაზე
დიდი უჭირავს ალაგი.
მეორე რიგი ხმები
სტყუით! ავია, ბოროტი,
მოსისხლე, მხეცზე მხეცია!
რა შთანთქას, რა მოიხვეჭოს,
თვალები დაუცეცია!
ეს არ შევიგნოთ ყველათა,
ვიყოთ იქამდე ბეცია?
ვინც რა ვართ, უნდა ვიცოდეთ,
ღვთის დადებული წესია!
შეიქმნა განკერძოება,
მალე კრივსაცა ვნახავდით,
რომ ძერას არ გადმოევლო
თავზე ფლაშუნით, ლახლახით.
ძერიას დანახვაზედა
ჩიტები შეძვრნენ ეკლებში,
სადაც რომ ისხდნენ ღობეზე,
იქვე, ჩაწყობილს მერქნებში.
ხმას არ იღებდენ, გაყუჩდენ
თუმცა სჩხვლეტავდა გვერდებში.
ΙΙ
განვლო კვირამა თუ ორმა,
იგივ ბებერი კეკელა
ფაციფუცობდა ეზოში,
არ დადიოდა ნელ-ნელა.
თან აწუხებდა თავის რძალს:
გამოსულიყო, ეშველა.
საქმე ბევრია ოჯახში,
ასაღებ-დასაღებია,
ძროხებსაც დახედვა უნდა,
საქათმეც გასაღებია.
თოვლი მოსულა წუხელის,
ეს ბერიკების ბრალია,
აიკლეს მთელი ოჯახი,
მით გადიხადეს ვალია.
რასაც ისინი სჩადიან,
ანკი რა დასამალია!
კეკელა ბერიკეებსა
სწყევლის, ჯავრობდა ძალიან:
საით სად მოთრეულები
მასპინძელს აღარ აცლიან,
იფიქრებ, თავის შინ იყვნენ,
სხვის სახლში ისე არიან.
ზოგს ეკრა თავზე ირმის რქა,
ზოგს - თხის, თხისავე წვერია.
ზოგსა აქვს სახე ტურისა,
ხელში ხის ხმალი სჭერია.
სხვას ხუცესივით ჩაუცვამს,
ხელთ კვერთხი დაუბჯენია.
უკრავენ სტვირსა, ტლინკავენ,
გადარეული ერია.
ჭკვიანნი მხოლოდ ამითა:
უნდა მიართო ძღვენია -
ერბო, ან კვერცხი, ან ფქვილი,
ღვინით ხელადა სველია.
ბერიკებს ჰბაქავს ბებერი:
„კარგად მოითბეს ხელია,
კეციდან სამიწეებმა
ქადა გამტაცეს ცხელია.
ეგების ჩემის ცოდვითა
ამოეხრაკოთ ყელია!
რას იზამ ან-კი, - თან ამბობს, -
წესი გვაქვს, - ყველიერია“.
ΙΙΙ
დღეს სულ სხვა მოვალეობა
კეკელას აწევს კისრადა.
ჩიტთა ფაფობა-დღე იყო,
იმიტომ არი ფხიზლადა:
წესს არ უმტყუნოს და ლოცვა
ღვთისა არ ექცეს რისხვადა.
ფაფა ადუღა, რადგანაც
რჯულია მამა-პაპური.
კეკელას თავის ოჯახზე
ფხიზლად უჭირავს თვალ-ყური,
ცდილობს, არ დაუზიანოს
ჩიტებმა ფეტვი და პური.
ამიტომ, საცა კი ნახა
ნაფოტი, სიპი, აგური,
ან კრამიტისა ნატეხი,
ყველა გაგლისა ფაფითა,
რაც დარჩა, ისიც პირდაპირ
კალოზე დადგა ტაფითა.
ბანის პირები მოკირწყლა
ჩიტთ სამასპინძლო ტაბლითა,
მერე რა კარგ დროს! ერთს გოჯსა
მშრალს ვერ ნახავდით მიწასა,
რომ ჩიტს ჩაეკრა ნისკარტი,
ან დაებიჯა ციცასა!
თოვლიც ხომ ისე დიდია,
ძმას უჭირს მისვლა ძმისასა!
ჭივჭავნი დაღონებულნი
ძალს ევედრიან ღვთისასა,
რომ იგი დაადნობინებს
თოვლს მბრწყინავ სხივებს მზისასა.
შეიმკო თოვლი ფაფითა,
ვით პატარძალი ხალებით.
ჩიტთაც ღმერთს მადლი შესწირეს
ცად აპყრობილის ბრჭყალებით.
სუნი ტრიალებს ფაფისა
თავის ფაფურის ძალებით.
რა წამს ბებერი მოჰშორდა
ფაფიანს ბანის პირებსა,
დრო ნავარდის და ქეიფის
მაშინ დაუდგათ ჭივჭვებსა.
როდი უშვებდენ სუფრაზე
ტყიდან მოფრენილს ჩიტებსა,
წიპრიას, საწყალ ნიბლიას
კისერში სცემდენ ყისტებსა.
აგდებდენ: „სოფლად რა გინდათ,
წადით, ჩაჰბარდით მინდვრებსა!“
და ვიდრე გამოძღებოდენ,
ურთერთსაც სჩხვლეკენ ხიშტებსა.
გამოძღნენ ისე კარგადა,
ვერ ერევიან კუჭებსა
და დაემსგავსნენ სისქითა
წიფლის და რცხილის ყუნჭებსა.
დამშეულებმა ძალიან
ფაფა ძალიან ყლურჭესა.
სტუმრები ჭამით ჰხარობენ,
ინავარდებენ გულებსა,
და მასპინძელი იმით, რომ
იმადლიერებს თულებსა:
ჩიტები არას ავნებენ
იმის ყანას და პურებსა.
ΙV
ნაქეიფარი ჭივჭვები
იქავე დასხდნენ ღობეზე
და, როგორც ნაღვინეებსა,
სიწითლე დაჰკრავთ ლოყებზე.
ნაჭამი ფაფის წკინტოლი
ყველას აკრია ჩოხებზე.
ჩიტთ პარტიობაც განელდა,
როგორც გამქრალი სანთელი:
ერთმანერთისთვის ჭივჭავთა
არაფერი აქვთ სათქმელი;
სალოცავად აქვს ყველასა
ადამიანის სახელი.
გაჰკვირდებოდა ძალიან
კაცი იმათი მნახველი!
მტრის რაზმი კაცისაგანა
უომრად იქმნა ძლეული,
რაკი-ღა იმის ამაგით
დაამდა ჩიტთა სხეული,
და შემოსძახეს ერთის ხმით
ქართლ-კახეთური, ხეური:
„ვინც ჩვენში ვინმე ცუდი თქვას
კაცზე, ის იყოს წყეული,
ის იყოს საუკუნოდა
ჭივჭვებში გამორჩეული!“
ამას მღეროდა დიდის ხმით
მთელი ჭივჭვების კრებული.
ბევრს ამგვარს ამბავს ინახავს
ჩვენის ცხოვრების რვეული.
Лира, поэтический портал · https://lira-poetry.ru/biblioteka/stihi/vazha-pshavela/chitta-papoba/
Есть видео или песня на эти стихи? Добавьте ссылку
Войдите, чтобы добавить ссылку на видео или песню.
- Лайки: 0
- Просмотры: 1
- Комментарии: 0
- 0 Войдите, чтобы добавить в избранное
Комментарии
Комментариев пока нет. Будьте первым.