ვარსკვლავი
(საშობაოდ)
უცხო დაბრწყინდა ვარსკვლავი,
კლდის თავზედ დამცქერალია,
კლდის ეხში ჰკოცნის ბატარას
სხივ-მოფენილი ქალია.
გაჩუმებულა სამყარო,
შაყენებული წყალია,
ბუნების არსთა ყველათა
კლდისაკე ჰრჩებათ თვალია.
გადახალისდა ქვეყანა,
უცხო რამ იგრძნო ძალია.
„არ წავსწყმდებიო, არაო“, -
ბუნებამ დაჰკრა ზარია.
შავეთში გადაგდებული
ადგომას ჰბედავს მკვდარია,
მაცხოვრის შობა შაიტყო,
შავეთის ტყდება კარია, -
გახარებულმა ზეცამა
უხვად დაყარა ცვარია.
ტყდება მონების ბორკილი,
ეშმაკს დაუდგეს თვალია!