ობოლი ბღარტები
დაობლებულა ბღარტები,
უდედობასა ტირიან,
ბუდიდამ გადმოცვენილან,
გულ-საკლავადა წივიან.
დაბლა მიწაზე ბღორტავენ
გინგლიანები, წვრილები,
პირებს აღებენ საჭმლისად
ნიბლია-ჩიტის შვილები.
თითონ ვერც საჭმელს შოობენ,
არცა ჩვეულან ფრენასა;
მარტო ერთს თავის ვაებას
ათქმეინებენ ენასა,
გულის მომწყვლელის წრიპინით
ფრინველთ უხშობენ სმენასა...
გულუბრყვილონი... იმათთვის
ვინ მოინდომებს შველასა!...
საკუთარი ჰყავთ შვილები
ნადირს და ფრინველს ყველასა;
ჯერ არც იცნობენ საწყლები
თავის მუხანათს მელასა.