(ხელში ავიღებ ჩონგურსა)
ხელში ავიღებ ჩონგურსა,
მინდა დავმღერო ლაღადა, -
თითები აღარ მომყვება -
გული არ არი საღადა,
გადაქცეულა ნაოხარ
გააბეჩხერებულ ბაღადა.
მიყვარს საგმირო ჰანგები,
სიტყვა და აზრი ციური,
მაგრამ გულს იქით არ მიდის
გრძნობა და ფიქრი ღვთიური;
ფრთებს მიკვეცს აღმაფრენასა
ამბავი ყოველდღიური.