ნეტავი შენა, მერცხალო
(სიმღერა)
ნეტავი შენა, მერცხალო!
ტკბილად უმღერი ბარტყებსა,
ასხურებ სიცოცხლის მადლსა
ჯერ უსუსურებს, საწყლებსა.
დაიზრდებიან შენფერნი,
დაჰმღერენ შენსა ჰანგებსა;
წახვალ, თან წამოგყვებიან
იმ ინდოეთის არესა;
მოხვალ, მოგდევენ უკანა
თავის სამშობლო მხარესა;
ღვაწლს გიფასებენ მშობელსა
და არ გითხრიან თვალებსა.
მე რა ვქნა? ვზარდე ბარტყები, -
ბალღამს მასმევენ მწარესა
და მიბნელებენ ძალადა
ორსვე - მზესა და მთვარესა;
გარეთ მაგდებენ ყინვაში
და მიკეტავენ კარებსა;
პურის მაგივრად ქვას მძღვნიან,
ჯაჭვით მიბოჭვენ მკლავებსა,
ხორცს სხვას აჭმევენ, გამოხრულს
მე მომიყრიან ძვალებსა.