(მარადის საქებარნი ვართ)
მარადის საქებარნი ვართ
წყალ-ჭალა, მინდორ-მთებითა;
ახალი თევზით, - კალმახით,
ცივი, ანკარა წყლებითა.
ნუნუა გვიყვარს… დაძვირდა,
ცოტა ამაზე ვწყრებითა,
რითაც იქნება ვიშოვით,
კიდევაც დავითვრებითა.
დავძახებთ „მრავალჟამიერს“,
ძალიან კარგაც ვშვრებითა.
აღარავინ გვყავს მშიერი,
რაკი თითონა ვძღებითა.
ვიგონებთ ქართველთ დაცემას,
გულს ვინგრევთ მუშტის ცემითა.
ვტირით და ვაღრჭენთ კბილებსა,
დიდი არს ჩვენი გოდება;
თანახმანი ვართ ამ დროსი
მაღალ-დაბალი წოდება.
მწერლები, ჩვენი მწერლობა
მხოლოდ დღეს მოგვაგონდება;
ვსვამთ იმათ სადღეგრძელოსა,
მოგვწონს იმათი ხელობა.
მათ ნაწერს თუმც არ ვკითხულობთ,
შორიდან გაგვეგონება.
გულის ნაგრძნობს და ჭკვის ნათქვამს
საქმით ვინ დაემონება!
ისევ ტირილი და ოხვრა,
იმას რა შეეწონება?!
ქართულს გაზეთებს ვიწუნებთ,
ჟურნალებს ვიწერთ შორითა.
ჩვენი სუყველა გაცუდდა,
გაქონილია ქონითა;
საუცხოვოა უცხოსი,
შეკრული ვარდის კონითა.
ვინ გავა, ვნახავთ ბოლოს ჟამს,
მდინარეს ამა ფონითა.