(გულში მატულობს ვარამი)
გულში მატულობს ვარამი,
გარს მოდებული ცეცხლითა.
მას ვერ განჰკურნავთ, ეცადოთ
ქვეყნის მეფეთა ვერცხლითა.
არა აქვს ჩემს წყლულს წამალი,
ქვეყნად ვერ ვპოვე მკურნალი,
აღარცა ვრჩები, არც ვკვდები
განკურნებისა მწყურვალი,
გულს ცალკერძა ჰკლავს მტრის ჯავრი,
მეორით - სატრფოს ტრფიალი.
ორითვე გაუმაძღარი
შევქნილვარ ოხერ-ტიალი.
რად უნდა ცივსა სამარეს
ნაგრძნობი, ნააზრებია?
რას არგებს მკვდართა სამეფოს
სიცხოვლე ნაახლებია?
იქ დაისვენებს ამაოდ
ცხოვრების ნაარმებია.