თაგვის წერილი კატასთან
კატავ, მოგიწერ თაგუნა,
თუნდაც გაბრაზდე ძლიერა,
კაკლის გროვიდან… ვქეიფობ,
ნუ გეგონები მშიერა.
ზაქრუას სხვენში გახლავარ,
ყურძნის ჯაგნების გვერდითა;
კიდობანი დგას თელისა,
ოთხ-კუთხი, ოთხის ფეხითა;
იქა ვარ სწორედ და აბა,
თუ თავი მოგწონს ხერხითა,
საომრად გიწვევ გულდაგულ,
არ გეუბნები კვეხითა.
მოდი და გამომიყვანე,
მე ვარ და გიწვევ თაგვია!
ვგონებ, რომ ბევრი იკნავლო,
ვერ მომიწვდინო კლანჭია;
თაგვს ვერაფერი დააკლო,
ჰნახე, როგორი ავია!
თავ-სისხლიანი გაგგზავნო,
დღე დაგაყენო შავია!
გეკითხებოდენ სწორები:
ძმობილო, რაზე ღნავია?!