გუთნისდედის სიმღერა
მიწავ, შენა გხნავ ისევა,
შეიშრე წვიმა ოფლისა!..
დალოცვილია ღვთისგანაც
ძე, დალოცვილი მშობლისა,
მაინც ხომ შენი საზდოა
სისხლი და ხორციც ყოვლისა.
მიწავ, შენა გხნავ, სწორედა,
გუთანს ვერ ვანდობ რიყესა, -
სახნისს გამიტეხს, საკვეთელს,
გაანაძოძებს ლვილებსა;
იქ დათესილი თესლიცა
გააქვს ყოვ-ყორნებს ბრიყვებსა.
მიწავ, შენა გხნავ, მარტო შენ,
ეგებ გაგავლო კვალია.
გაკეთებულის საქმითა
მეც გამილაღდეს თვალია.
რაც უნდ დავთესო შენს მკერდზე -
ასლი, წმინდა, თუ ქერია,
ცოტა მამივა მაინცა,
თუ არ მოვიდა ბევრია.
რისაც თესლს განდობ, ის მოგყავს
თავის სარგებლით ხშირითა
და გამოსდიხარ ჩემთანა
მუდამ ნათელის პირითა.
ღმერთმა მაშოროს სხვაგან ხვნა:
წმინდას სთეს - მოდის ღვარძლია;
იმის მარგვლამ და წმენდამა
მეც გამასუსტა, გამლია!