მთაო, შე შაუპოვარო
(სიმღერა)
მთაო, შე შაუპოვარო,
რამ-რა გაგხადა შტერადა, -
დაჰყურებ ჭმუნვით ქვეყანას,
გადაქცეული ცქერადა?!
ის აღარა ვარ, ბიძაო,
რაც გინახივარ ძველადა,
მე ქვეყანაში მოვდივარ,
როგორც ბალახი ღერადა.
ვერც პურს ვსჭამ მოსვენებითა,
ვეღარც დავმჯდარვარ მღერადა.
შენ მე მიყურებ, მე - შენა,
ორნივე გავხდით შტერადა!