საკმაო ხანი ვიცოცხლე
(სიმღერა)
საკმაო ხანი ვიცოცხლე,
საკმაო ვნახე წუხილი,
საკმაო ლხინი, თამაშა,
საკმაო გულის დუღილი.
კახური მრავალ-ჟამიერ,
გაჩაღებული სურვილი.
სატრფოს თვალების ფოფინი,
ისრით დაჭრილი სულ-გული.
წავიდა, გაქრა, მუდამა
ასე ქვას სტყორცნის შურდული.
რას ვცოდვილობდი საწყალი,
ყველა ყოფილა ფუდული.
ცარიელ სახლში საგანძოდ
შესვლა რად გინდა ქურდული?
თუნდა კარები გააღე,
თუნდა გაუგდე ურდული!