(ატირდა ჩაფართა გროვა)
ატირდა ჩაფართა გროვა
მოთქვამს ზარს ზარიანადა:
„ნეტავი თავზე დაგვეცეს
მთა-ღელე ბარიანადა,
ეს ჩვენი ჯამაგირები
შამცირდა გვარიანადა.
გაფუჭდა ჩვენი ცხოვრება
და ხმლები ტარიანადა.
რისთვის გვიჭრიან ჯამაგირს,
სულ ვიყვნეთ ხათრიანადა?
გავჩუმდეთ, თორემ გაგვრეკენ,
საქმე მოგვივა ცუდადა,
გულში ჩავიკლათ ნაღველი,
დავსხდეთ, ვიტიროთ ჩუმადა“.