ფანდურს
ამოჭიკჭიკდი, ფანდურო,
გული შაბურე ნისლითა, -
მაშფოთოს ხმამა მკვნესარმა
ჩემს საყვარელზე ფიქრითა.
შენ რო გულს მამფენ ნათელსა,
არ იყიდება ფულითა.
იმით მიყვარხარ, ტიალო,
იმით ყურს გიგდებ გულითა.
გულ-შავნი არ შაისმენენ
შენს ღვთის მონათლულს ჟღერასა,
ავის და დედის გამცემის
გულს ვერ აუტეხ ძგერასა.
იმას ასვით და აჭამეთ,
ამით დაიტკბობს სმენასა,
ქვეყნის მეფობას ურჩევნავ
წიწილა მუდამ ძერასა.